ახალი ამბები
ქუთაისელი სტუდენტები გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობას მიიღებენ
FaceBook
სტუდენტები მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდებენ.


ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო აკაკი წერეთლის, ქუთაისისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი ადგილობირივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში ახლაგაზრდების გააქტიურებაა.

პროექტი "გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისთვის" – ქუთაისის მერიისა და ფონდი "სოხუმის" თანადაფინანსებით ხორციელდება.

"სტუდენტები უკვე თავიანთ თანატოლებთან მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებს ატარებენ გენდერულ საკითხებზე. ამ ყველაფრის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენა და ადვოკატირება მათ გადასაჭრელად," - აცხადებს ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელი, ლალი შენგელია.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდებენ.

ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო 2013 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებს. ანალოგიურად, გენდერული საბჭოები სენაკსა და ოზურგეთშიც ფუნქციონირებენ.


Print