ახალი ამბები
"ტორპედო" ქუთაისის ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას ვეღარ იღებს
FaceBook
საფეხბურთო კლუბსა და ქუთაისის მერიას შორის დამატებითი ფინანსური რგოლი შეიქმნა.


ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბოლო სამი თვეა "ტორპედოსთვის" ყოველწლიურად განსაზღვრულ თანხას "ფეხბურთის განვითარების ფონდს" ურიცხავს, რომელიც თავის მხრივ, ფინანსებს ეტაპობრივად, ჩემპიონატების მიხედვით ანაწილებს.

ცვლილება საქართველოს ყველა საფეხბურთო კლუბს შეეხო.

ქუთაისის "ტორპედოს" ფონდმა 800 000 ლარი უკვე გადაურიცხა. წლის ბოლომდე კი კლუბი დამატებით 600 000 ლარს მიიღებს. თუმცა, ეს თანხა არ აღემატება ქუთაისის მერიის მიერ კლუბის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების რაოდენობას.

მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიზნით 1 400 000 ლარია გათვალისწინებული.

უცნობია რა იცვლება "ტორპედოსთვის" დამატებითი ფინანსური რგოლის შექმნით, თუ კლუბი იგივე რაოდენობის თანხას იღებს, რასაც მას ქუთაისის მერია უხდიდა.

ქუთაისის საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტი, თემურ ჩეჩელაშვილი ფინანსური საკითხების ცენტრალიზებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, ამბობს, რომ მასთან ამ საკითხზე შეთანხმება არ მომხდარა.

"ჩემთან ამაზე არავის ულაპარაკია. ფაქტის წინაშე დაგვაყენეს მთლიანად გუნდი. ვერ გეტყვით, რომ თანხა, რასაც გვირიცხავენ საკმარისია. თუ ინვესტორი არ მოიძებნა, კლუბს არსებობა გაუჭირდება",- აცხადებს თემურ ჩეჩელაშვილი.

"ფეხბურთის განვითარების ფონდი" მიმდინარე წლის 1 მარტიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, გიორგი კალანდაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ამ მეთოდით კლუბები სტაბილურობას შეინარჩუნებენ.

"ზოგჯერ გუნდები ერთი წელი თამაშობენ და ფულის არქონის გამო, შუა გზაში ატოვებენ ჩემპიონატს. ასეთი რამ რომ აღარ მოხდეს, ამიტომ შეიქმნა ფონდი, რომელიც მათ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ამბობს გიორგი კალანდაძე.

დააფინანსებს თუ არა ფონდი კონკრეტულ კლუბს, იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტი თავისი გუნდისთვის თანხის გადახდას შეწყვეტს, კალანდაძე პასუხობს, რომ შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტს ამის უფლება არ აქვს.

ფონდის დირექტორის თქმით, ამ ვალდებულებებს მუნიციპალიტეტები მხოლოდ 2018 წლიდან მოიხსნიან, რის შემდეგაც კლუბების ფინანასურ უზრუნველყოფას "ფეხბურთის განვითარების ფონდი" საკუთარ თავზე აიღებს.
Print