ახალი ამბები
უკანონოდ გაგვათავისუფლეს - ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები
FaceBook

ააიპ გაერთიანების დირექტორი ნანა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ დაწესებულება მართვის ახლა მოდელზე გადადის, რის გამოც აუცილებელი გახდა რეორგანიზაციის ჩატარება.


ამ მიზეზის გამო გაერთიანების დირექტორის მოადგილეები და პრესსამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ყოფილი თანამშრომლები სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ქეთევან დეისაძის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა.

"ჩვენთვის გაუგებარია რა მოტივით ან რის საფუძველზე განხორციელდა რეორგანიზაცია მაშინ, როდესაც გასული წლის სექტემბერში ააიპ გაერთიანებაში საატესტაციო გამოცდები ჩატარდა და მაღალი ქულები მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ მე უკვე სამი წელია პოლიტიკური დევნის ობიექტი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ვმეგობრობ", - განაცხადა ქეთევან დეისაძემ.

გათავისუფლებული თანამშრომლების განმარტებით, გაერთიანებაში კადრების დანიშვნა ახლობლობით ხდება.

"სწორედ ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირველ ჯერზე ვერ გაიარეს საატესტაციო გამოცდები, არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ მეორედ გაევლოთ, რადგან ყველა ვაკანტურ ადგილზე დანიშნეს თავიანთი კადრები", - განაცხადეს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა.

თავად, ააიპ გაერთიანების დირექტორი ნანა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ დაწესებულება მართვის ახლა მოდელზე გადადის, რის გამოც აუცილებელი გახდა რეორგანიზაციის ჩატარება.

ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 მაისს დასრულდა.

დირექტორის ორ მოადგილესა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის უფროსს გათავისუფლების შესახებ ბრძანება 20 მაისს ჩაბარდათ.

 

Print