ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხმა ამომრჩეველთა 56%-მა მისცა
FaceBook
წყალტუბოს თემის საარჩევნო უბნებზე 4 საჩივარი დაიწერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, წყალტუბოს თემში შუალედური არჩევნები დასრულდა. სარჩევნო უბნები ზუსტად 8 საათზე დაიხურა.

უბნებზე უკვე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

წყალტუბის თემში 3481 ამომრჩევლიდან არჩევანი 1949–მა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 56%-ია.

#58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ნიჟარაძის განმარტებით, უბნებზე ამ დრომდე მხოლოდ 4 საჩივარი დაიწერა.

მისი შეფასებით, ხმის მიცემა დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

წყალტუბოს თემში საარჩევნო პროცესს აქტიურად აკვირდებოდნენ იმერეთის ვიცე-გუბერნატორები, პაატა ნაძირაძე და გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამასთანავე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ვიცე-გუბერნატორებთან ერთად, საარჩევნო უბნებთან იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლი, კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები.

წყალტუბოს თემში, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის "ქართული ოცნების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატები იბრძოდნენ.

წყალტუბოს საკრებულოში სულ 32 დეპუტატია, აქედან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 17 წევრს აქვს.
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი, გარდაიცვალა.

სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები 7 ოლქში, თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა.

Print