ახალი ამბები
ქუთაისის მერის ინიციატივა – ქორწილებში მერიის მანქანებით სიარული დასრულდება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2015 წლის შესყიდვების გეგმა დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე ქუთაისის მერმა გააჟღერა, მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული 70-მდე ავტომობილი ეკონომიური მანქანებით ჩანაცვლდება.
შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად აღნიშნული ავტომობილების შეკეთებაზე 495 000 ლარამდე, ხოლო მათ საწვავზე 225 000 ლარამდე ეკონომია გაკეთდება. ავტომობილების ჩანაცვლება ტენდერის გზით მოხდება.
"კიდევ უნდა გავაგრძელოთ და ადმინისტრაციული ხარჯები შევამციროთ. ეს მანქანები არის 10 და მეტი წლის, საკმაოდ გაუმართავი, მაგრამ მათი კლასი არის მაღალი და შესაბამისად, რემონტიც ძვირი ჯდება. მათ ნაცვლად ვიყიდით არაპრესტიჟულ, მაგრამ ეკონომიურ მანქანებს, რითაც რემონტისა და საწვავის ხარჯებს შევამცირებთ. თანახმა ვარ ყველა მანქანას დაეწეროს "ქალაქ ქუთაისის მერია" და ამით ქორწილებში მერიის მანქანებით სიარული დასრულდება," – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მერის ინიციატივამ საკრებულოს უმცირესობის კრიტიკა დაიმსახურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, ქალაქში არსებული მძიმე სიტუაციის ფონზე, მოსახლეობა ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდება.
"მანქანების შეცვლაზე საუბარი წინა ხელისუფლების შეცდომის გამეორება იქნება. ხალხში გაღიზიანებას გამოიწვევს ის, რომ მერია ახალ მანქანებს იყიდის," – აღნიშნა დავით გოგისვანიძემ.
საკრებულოს "ლეიბორისტმა" დეპუტატმა ქალაქის მერს ასი საწარმოს შესახებ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.
"ურიგო არ იქნება შეგვეძინა ერთი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ქუთაისის სიამაყე იქნებოდა. ამის შემდეგ უფრო უკეთ აუხსნიდით მოსახლეობას მანქანების შეცვლის მიზეზს," – განაცხადა სამსონ გუგავამ.
დეა მანაგაძე
Print