ახალი ამბები
ქუთაისში ლიფტების საწარმო აშენდება
FaceBook

წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გავა.



ქუთაისში "ჰუალინგის" თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლიფტების საწარმო აშენდება.

წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გავა.

საწარმოს მშენებლობის შესახებ "ჰუალინგ ჯგუფის" 21 კაციანმა დელეგეციამ ქუთაისის მერთან შეხვედრა გამართა.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ვანგ შენგ სინის განმარტებით, ლიფტების საწარმოში ასობით ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

ქალაქის მერის განმარტებით, მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, რაც საწარმოს მოცულობაზეა დამოკიდებული. მურღულიას თქმით, "ჰუალინგ ჯგუფთან" დამატებით ოთხი მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

შეხვედრაზე, სტუმრებმა ჩინეთის ქალაქ ლაიუს ვიდეოკლიპი, ხოლო ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია წარმოადგინეს.

დღესვე, ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ ლაიუს შორის მეგობრობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

"ეს ვიზიტი ემსახურებოდა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქუთაისში ლიფტების დიდი საწარმო აშენდება. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას, დასაბუთება არ სჭირდება, რადგან ეს არის დასაქმებული ადამიანი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება", - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

ლიფტების საწარმოს გარდა, "ჰუალინგ ჯგუფი" იმერეთის მხარეში მიტოვებული ჩაის პლანატიების მოწყობასაც გეგმავს.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა "ჰუალინგი", ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, 359 251 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გასულ წელს შეიქმნა. კომპანიამ ჯამში 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

თიზ -ში "ჰუალინგის" ფუნქციონირების ვადა 30 წლით განისაზღვრა.

 

 

Print