ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში პროექტის განხილვას მხოლოდ 2 თანამშრომელი ესწრებოდა
FaceBook
"ეტყობა, მერიის თანამშრომლები სხვა უფრო მნიშვნელოვან შეხვედრაზე არიან, რადგან ტელეფონზე ვურეკავ და მითიშავენ,“



ქუთაისის მერიაში წყალმომარაგების კომპანიის მიერ დღეს გამართულ შეხვედრას, სადაც ქალაქში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის პროექტი უნდა განეხილათ, ადგილობრივი თვითმმართველობის მხოლოდ 2 წარმომადგენელი დაესწრო. ისინიც - დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

პროექტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორმა შპს "კოქს კონსალტინგმა" მოამზადა. ორგანიზაციის წამომადგენლის, გიორგი ბჟალავას თქმით, დღევანდელი ღონისძიება ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიგეგმა, წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალური ოფისის მიერ.

„პროექტის პრეზენტაციის თაობაზე, ასევე ინფორმირებული იყო მერია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია და ის, რომ დღეს არავინ მოვიდა განხილვაზე, წყალმომარაგების კომპანიას არ დააბრალონ. ეტყობა, მერიის თანამშრომლები სხვა უფრო მნიშვნელოვან შეხვედრაზე არიან, რადგან ტელეფონზე ვურეკავ და მითიშავენ,“ - განმარტავს გიორგი ბჟალავა.

პროექტის განხილვა 20 წუთის დაგვინებით, 13:20 საათზე დაიწყო და მას მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

„ტყუილს ამბობთ, იქ მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ტყუილის გარდა, სხვა რამეც ისწავლეთ,“ - განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვად ჯავახიამ.

თანამშრომლები, რომლებზედაც ჯავახია საუბრობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მხოლოდ ორი წარმომადგენელი გახლდათ და ისინი შეხვედრას დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეურთდნენ.

დაგვიანებულთა შორის აღმოჩნდა ქუთაისის ვიცე მერი ნოდარ მიქიაშვილიც, რომელიც უკვე დასრულებულ შეხვედრაზე მიდიოდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ნინო რამიშვილის განმარტებით, დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაზეთის მეშვეობით გავრცელდა.

"ასევე, ეს ინფორმაცია გაკრული იყო მერიის შენობასა და წყალმომარაგების კომპაანიის ქუთაისის სერვის ცენტრში 50 დღის განმავლობაში. მერია იყო საქმის კურსში. ვინც დაინეტერესდა ის მოვიდა, ჩვენ პერსონალური მოსაწვევები არავისთან გაგვიზგავნია", - ამბობს რამიშვილი.

პროექტი, რომლის პრეზენტაცია მერიის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა მისი დაწყების ვადები ამ დროისთვის უცნობია.

"კოქს კონსალტინგის" წარმომადგენლის, გიორგი ბჟალავას განმარტებით, დღესდღეობით ქუთაისში არ ხორციელდება საკანალიზაციო წყლის გაწმენდა, რის გამოც დაბინძურებული წყალი მდინარე რიონში ჩაედინება.

პროექტი თანამედროვე ტიპის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს, შედეგად, უნდა მოხდეს ნარჩენების გამოყოფა და გაწმენდილი წყლის მდინარეებში გაშვება.

Print