ახალი ამბები
ქუთაისში საკანალიზაციო წყლის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა აშენდება
FaceBook
პროექტი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა მისი დაწყების ვადები, ამ დროისთვის უცნობია.


ქუთაისის მერიაში  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზებით საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 

განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის მხოლოდ 2 წარმომადგენელი დაესწო.

"ქუთაისში ჩამდინარე წყლების 30 059მ/დღღ წარმადობის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის" პროექტი წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორმა  შპს "კოქს კონსალტინგმა" მოამზადა და ის ჩამდინარე წყლების გაწმენდას შეეხება.

როგორც პრეზენტაციაზე "კოქს კონსალტინგის" წარმომადგენელმა, გიორგი ბჟალავამ განმარტა, ამ დროისთვის ქუთაისში საკანალიზაციო წყლის გაწმენდა არ ხდება, რის გამოც დაბინძურებული წყალი მდინარე რიონში ჩაედინება.

"კანალიზაციის წყალი ჩაედინება მდინარეებში, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, მოხდება თანამედროვე ტიპის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ნარჩენების გამოყოფა და გაწმენდილი წყლის მდინარეებში გაშვება", - აღნიშნა "კოქს კონსალტინგის" წარმომადგენელმა, გიორგი ბჟალავამ.

პროექტით გათვალისიწინებული ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს. მისი ოპერირება ქუთაისის საკანალიზაციო წყლების ნორმატიულ დონემდე გაწმენდას უზრუნველყოფს. არსებული პროექტის მიხედვით, ნაგებობის ექსპლუატაციის პროცესში დაგეგმილია, დასახლებული პუნქტის ფარგლებში წარმოქმნილი სამეურნეო და ფეკალური ჩამდინარე წყლების ორგანიზებული შეგროვება.

პრეზენტაციაზე განმარტეს, რომ პროექტი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა მისი დაწყების ვადები და ფინანსები ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უზრუნველყოფს, რომელსაც აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს.



Print