ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ახალგაზრდებმა დატოვეს
FaceBook
"დანაკარგია, გულსაწყვეტია, როდესაც შენი თანაგუნდელი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ბრძოლის წინ გტოვებს ველზე"




"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ახალგაზრდებმა დატოვეს.

საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიტორის" მთელ შემადგენლობასა და პარტიის ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ლაშქარეიშვილზე.

"მედიატორი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციასთან ინტეგრირებული გახლდათ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და "მედიატორის" წარმომადგენელთა მიერ პარტიის დატოვება ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, გია თევდორაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში დაადასტურა.

"ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დანაკარგია, გულსაწყვეტია, როდესაც შენი თანაგუნდელი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ბრძოლის წინ გტოვებს ველზე, მაგრამ ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ეს ვერ შეცვლის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს და ეს მიზანი სისრულეში მოვა 2016 წლის შემოდგომაზე. დათოსა და გიორგის გარეშე მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი," - განაცხადა გია თევდორაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიტორის" შემადგენლობა და დავით ლაშქარეიშვილი გიორგი ვაშაძის ახლადჩამოყალიბებულ მოძრაობას შეუერთდნენ.

"მედიატორის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარდალეიშვილმა ვაშაძის გუნდს, ადგილობრივი ოფისისათვის, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაუთმო.







Print