ახალი ამბები
TI - იმერეთის არც ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი არ არის ქალი
FaceBook
კვლევა აჩვენებს, რომ ქალები წამყვან პოზიციებზე ადგილს ვერ იკავებენ.

მაღალ თანამდებობებზე ქალთა დასაქმების დაბალი პრაქტიკა და გენდერული დისბალანსი საჯარო დაწესებულებებში -ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქალები წამყვან პოზიციებს ხშირ შემთხვევაში ვერ იკავებენ.

ორგანიზაციამ კვლევის პრეზენტაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

შერხვედრაზე ითქვა, რომ  იმერეთის არც ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი არ არის ქალი და ასევე, გარდა იმისა, რომ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსი დაცული არ არის, ქალები იშვიათად არიან ხელმძღვანელ პოსტებზე წარმოდგენილი.

როგორც წესი, ისინი ძირითადად სპეციალისტები, წარმომადგენლობით ორგანოში კი კომისიის წევრები არიან.

იმერეთის რეგიონის მხოლოდ სამ რაიონში - ჭიათურაში, ტყიბულსა და სამტრედიაში არის გამგებლის მოადგილე ქალი.
ქუთაისში ყველა სამსახურის უფროსის პოსტს მამაკაცი იკავებს. მერიაში დასაქმებული 335 ადამიანიდან 160-ია ქალი, ხოლო მამაკაცი 175.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოს, გენდერული დისბალანსი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უფრო შესამჩნევია. იმერეთის მასშტაბით 362 საკრებულოს მანდატიდან, მხოლოდ 44-ს ფლობს ქალი დეპუტატი. 60 კომისიიდან კი 9 -ს ხელმძღვანელობს ქალი.

"წინა მოწვევის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი იყო. ახლა კი სამი გვყავს, თუმცა, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, თითქოს ქალების როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია კვოტირების სისტემის შემოღება", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი, ნატო ქათამაძე.

კვოტირებას, როგორც დროებით ნორმას არ ეთანხმება საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ამირან ძოწენიძე. მისი აზრით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაკისრებული ეს ვალდებულება, კიდევ უფრო აკნინებს ქალებს.

"ამომრჩეველი წყვეტს თავად ვინ უნდა აირჩიოს. ამის დავალდებულება მე უფრო დამაკნინებლად და ქალების სისუსტეზე ხაზგასმად მიმაჩნია. ვთვლი, რომ პრობლემა გარემოშია, რომელიც უნდა შეიცვალოს",-ამბობს ამირან ძოწენიძე.


Print