ახალი ამბები
ქუთაისში წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციოდ ევროპაში გავა - ვიცე-მერი
FaceBook
თიზ-ში კომპანიის ფუნქციონირების ვადა 30 წლით განისაზღვრა


საქართველოს მთავრობასთან აღებული ვალდებულების მიხედვით, წლის ბოლომდე, ჩინურმა კომპანია "ჰუალინგმა", ქუთაისში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ განაცხადა.

ვიცე-მერი ვერ აკონკრეტებს უკვე რა რაოდენობის ინევსტიცია აქვს კომპანიას განხორციელებული ქალაქში, თუმცა, ამბობს, რომ "ჰუალინგი" სამ მსხვილ კომპანიასთან აპირებს თანამშრომლობას, რის შემდეგაც წარმოების გაფართოება იგეგმება.

"ჰაულინგს" წლის ბოლომდე სავარაუდოდ რამდენიმე აღმოსავლური კომპანია შეუერთდება.

"არ იქნება ცუდი, თუკი აღმოსავლური კომპანიები ითანამშრომლებენ "ჰუალინგთან" და წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციოდ ევროპაში გავა," - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

მისივე ინფორმაციით, გაფართოების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ადგილზე ავტომობილების წარმოება დაიწყოს. ამ დროისთვის კი საწარმოში ქაღალდს, ავეჯსა და სამშენებლო მასალებს აწარმოებენ.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა "ჰუალინგი", ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, 359 251 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გასულ წელს შეიქმნა. კომპანიამ ჯამში 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თიზ -ში "ჰუალინგის" ფუნქციონირების ვადა 30 წლით განისაზღვრა.

ავტომშენებლის ქუჩაზე, ყოფილი საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე, კიდევ არის ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. 27 ჰექტარ ფართობზე ეგვიპტური კოპანია "ფრეშ ჯორჯია" თავისუფალ წარმოებას 2009 წლიდან ახორციელებს.

Print