ახალი ამბები
ამ მოთხოვნას რუსეთის ფედერაცია ვერ გაექცევა - პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში კადეტთა ლიცეუმში ვიზიტის დროს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქართული პოლიტიკის მიმართულება მეზობელ ქვეყანასთან რაციონალური დიალოგის წარმოებაა, სადაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა რუსეთის მხირდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებაა.

"ჩვენ ვხედავთ ქართულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ეს არის ძალიან ნათელი, რაციონალური და მშვიდი დიალოგის აგება. არა იარაღის ჟღარუნით დაპირისპირება პოლიტიკური გამონათქვამებით, არამედ რაციონალური დიალოგი, სადაც ერთ მხარეს იქნება საქართველოს ინტერესები და მეორე მხარეს რუსეთის ფედერაციის ინტერესები. ამ დიალოგში ერთი ძალიან სერიოზული წინაპირობაა - რუსეთის ფედერაციამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ბუნებრივი მოთხოვნაა, რომელიც შეიძლება ქონდეს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს მეზობლის მიმართ. ამ მოთხოვნას, რეალურად ისტორიულ კონტექსტში და დიპლომატიურ დიალოგში, რუსეთის ფედერაცია ვერსად ვერ გაექცევა," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში რუსი ტურისტების საქართველოში გახშირებული ვიზიტი.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომელიც კადეტთა ლიცეუმის მონახულებით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა ლიცეუმის სასწავლო ცენტრი, ბიბლიოთეკა და კადეტების საცხოვრებელი დაათვალიერა.

ის, ასევე დაესწრო დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში მიმდინარე გამოფენას და ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში ფეხით გაისეირნა.









Print