ახალი ამბები
გოგი წულაია - ყველგან გავმართავ ბრიფინგს, სადაც საჭირო იქნება
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული გზის საფარის არსებობას აპროტესტებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, ამავე ქუჩაზე, წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის საფარი ამორტიზებულ მდომარეობაშია დატოვებული.

მისივე თქმით, თაბუკაშვილის ქუჩის დასახლებაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, ხოლო ბოლო 4 თვეა ადგილზე აღარავინ გამოჩენილა.

"მოვუწოდებ მერიას მიიყვანოს ბოლომდე ინფრასტრუქტურული პროექტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველგან გავმართავ ბრიფინგს, სადაც საჭირო იქნება. ასეთი ვითარებაა ყველგან, მთელი ქალაქის მასშტაბით. გადათხრიან და მერე მიატოვებენ. არავინ პასუხისმგებლობას ამაზე არ იღებს", - ამბობს გოგი წულაია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანებული გზის საფარის აღდგენა ქუთაისის მერიის კომპეტენცია არ არის.

თურქულ კომპანია "SMK" -ში კი, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ამბობენ, რომ გზის აღდგენა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა.

"ნაწილობრივ ტექნიკური მიზეზებით, ნაწილობრივ ამინდის გამო შეფერხდა სამუშაოების დასრულება, თუმცა ივნისის ბოლომდე სრულად აღდგება გზის საფარი აღნიშნულ ქუჩაზე", - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში კომპანია "SMK"- ს წარმომადგენელმა, ნუგზარ ლელაძემ.

თურქული კომპანია ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გასული წლის ივლისიდან ახორციელებს.

Print