ახალი ამბები
ქუთაისში სტუდენტებმა სისხლი ჩააბარეს
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.
აქცია "გაიღე სისხლი უანგაროდ, გადაარჩინე სიცოცხელე" კლინიკა "ბომონდის", წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, სისხლის ბანკისა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

"აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში,"- განაცხადა კლინიკა "ბომონდის" ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამია ყიფიანმა.

სისხლის ჩაბარების აქციაში მონაწილება მიიღო წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო ქემაშვილმა.

"მინდა ჩემს მიერ ჩაბარებული 400 გრამი სისხლი იმ ადამიანებს გამოადგეს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. პირველად მივიღე მსგავს აქციაში მონაწილეობა და მიხარია, რომ აქ ბევრ ქველმოქმედ ადამიანს ვხედავ,"- განაცხადა ნინო ქემაშვილმა.

წერეთლის უნივერსიტეტში სისხლის ჩაბარების მსურველებს ლაბორატორიული კვლევებიც უტარდებათ.

"ჩვენ პასუხს ვაგებთ, როგორც სისხლის ჩამბარებლის, ასევე სისხლის მიმღების სიცოცხლეზე, ამიტომ ვატარებთ კვლევას C და B ჰეპატიტებზე, შიდსსა და ვენერიულ დაავადებებზე. გამოკვლევის შედეგები მიეწოდება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიიღებენ ქველმოქმედებაში მონაწილეობას და გაიღებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად," - განაცხადა ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მზია ჯანაშვილმა.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სისხლის ჩაბარება, ნებისმიერ მსურველს, დღის ბოლომდე შეუძლია.
Print