ყველაზე დიდი თანხა, 25 500 ლარი, ცენტრალურ მოედანზე გალა
კონცერტისთვის დაიხარჯა.
ქუთაისში "გვირილობა 2016" -ის ღონისძიებებზე ქალაქის ბიუჯეტიდან 60
000 ლარამდე დაიხარჯა, თუმცა თავდაპირველად დღესასწაულის მთლიანი
ბიუჯეტი 80 000 ლარით განისაზღვრა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
საბიუჯეტო სახსრებით 11 მათგანი დაფინანსდა.
მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა
კონცერტის ორგანიზებისთვის დაიხარჯა. ადგილობრივი და მოწვეული
შემსრულებლების მონაწილეობით გამართული ღონისძიებისთვის ქალაქის
ბიუჯეტიდან 25 500 ლარი გამოიყო.
3000 ლარი იყო განსაზღვრული პიანისტ ელისო ბოლქვაძისთვის
ავიაბილეთების შესაძენად. თუმცა, საბოლოოდ, ქუთაისის მერიამ ბილეთების
შესყიდვა 1470 ლარად შეძლო. პიანისტმა მესხიშვილის თეატრში
სამქველმოქმედო კონცერტი გამართა.
5000 ლარი დაიხარჯა მხატვარ ბერნარდ ნებიერიძის, ხოლო 1250 ლარი
ქეთი მიქელაძის ნამუშევრების გამოფენაზე,
რომლებიც TBC გალერეაში მოეწყო.
ღია ცის ქვეშ მხატვართა ნამუშევრების გამოფენისთვის საჭირო
მოლბერტების შეძენისა და ქუჩის კოსტუმირებული სანახაობის
ორგანიზებისთვის სულ 7 300 ლარი დაიხარჯა.
სპეციალურად სასაჩუქრე მედალიონებისთვის კი ადგილობრივი ბიჯეტიდან 900
ლარი გამოიყო.
მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ, რომ "გვირილობა 2016"
-ის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ნაწილი
ორგანიზატორებმა საკუთარი სახსრებით ჩაატარეს, მათ შორის იმერეთის
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც მუხნარის ტყეში
საკუთარი რაიონები წარმოადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები