ახალი ამბები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ არქეოლოგიურ მუზეუმს 2017 წლის ბოლოს ახალი შენობა ექნება.

მანამდე არსებული შენობის დემონტაჟი განხორციელდება, ხოლო ახლის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება.

როგორც მუზეუმის დირექტორი მერაბ გაბუნია "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება.

"ერთ თვეში დაიწყება სამუშაოები, პროექტის დასრულება 1 წელსა და 6 თვეში იგეგმება," - ამბობს მერაბ გაბუნია.

ახალ არქეოლოგიურ მუზეუმში ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკები განთავსდება. მუზეუმში მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი. ასევე, განხორციელდება მუზეუმის ეზოდან ნაკრძალში გადასასვლელი ხიდის რეკონსტრუქცია.

ვანის არქეოლოგიური მუზემის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს პროექტის მიხედვით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 10 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ვანის მუზეუმის შენობის რეაბილიტააცია ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში დაიწყო. თუმცა მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა. ამავე წელს მუზეუმის შენობას "მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაკვეთით "სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგ"-მა ჩაუტარა ექსპერტიზა. რომლის დასკვნის საფუძველზე შენობა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას.



ვანის მუნიციპალიტეტის მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის VIII-დან I ს-ის ჩათვლით.
აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნის პერიოდს ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები.



ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ - ნაკრძალი 1981 წელს შეიქმნა, მუზეუმის დაარსების ინიციატორი აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე იყო.
Print