ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან შესაძლოა თანამშრომლები გაათავისუფლონ
FaceBook
ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციიდან, შესაძლოა ხელმძღვანელის ორი მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გაათავისუფლონ.

ინფორმაციას სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, გაერთიანების თანამშრომლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

როგორც ისინი ამბობენ, ოფიციალურ ბრძანებას მიმდინარე წლის 17 მაისს, რეორგანიზაციის დასრულების დღეს ელოდებიან.

რეორგანიზაცია, ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის მოტივით, ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 16 აპრილს გამოცხადდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნანა ლორთქიფანიძე "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაცია 2015 წლის 23 აგვისტოს დაიწყო და 4 სექტემბერს დამთავრდა.

ტესტირება ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის 21-მა თანამშრომელმა, ხოლო საბავშვო ბაღების ფილიალის 25-მა თანამშრომელმა გაიარა.

ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღებში 2015 წლის 11 დეკემბერს 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

2016 წლის 13 იანვარს კი ამავე ფილიალების (#1, #13, #17,#15)  ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალის (#15) გათავისუფლებულმა ხელმძღვანელმა ნანა კაკაურიამ, ააიპ დაწესებულებას სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო.
Print