ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ ნინოშვილის ბაღში სათვალთვალო კამერები მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში ე.წ. ნინოშვილის ბაღის ვანდალიზმისგან დასაცავად ზომების მიღებას აპირებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ნინოშვილის ბაღში სათვალთვალო კამერები მოეწყობა, ასევე აღდგება დაზიანებული ლამპიონები.

"ჯერჯერობით არ არსებობს კონტროლის მექანიზმი ამ ბაღში, თუმცა მალე მოეწყობა კამერები, ასევე უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი დაზიანებული განათებების შესაცვლელად,"- ამბობენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ ბაღში ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

კერძოდ, მწყობრიდანაა გამოსული განათების ბოძები და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაღში ხშირად აფიქსირებენ ვანდალიზმის ფაქტებს.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ინიციატივით, ნინოშვილის ქუჩაზე არსებული ბაღის "დიდების ბაღად" გადაკეთება იგეგმება, სადაც მეორე მსოფლიო ომის გარდა, სხვადასხვა ომში დაღუპულ ადამიანთა კუთხეები იქნება წარმოდგენილი.



Print