ახალი ამბები
წიდის უკანონოდ მოსაპოვებლად ზესტაფონში მაღაზიის სარდაფიდან გვირაბი გაიყვანეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზესტაფონში სილიკო-მანგანუმის მოპოვებისთვის ერთი პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორგანიზება გაუკეთა ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფიდან გვირაბის კუსტარულად გაყვანას და მიწისქვეშ არსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების - ე.წ. წიდის უკანონოდ მოპოვებას.

"მაღაზიის იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე და ასეულობით მეტრის სიგრძეზე გაყვანილია კუსტარული გვირაბი, საიდანაც ე.წ. წიდის უკანონოდ მოპოვება ხდებოდა. აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის სანაცვლოდ ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც ქრთამის სახით პირველ ეტაპზე 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა. ამირან შ.-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული 700 ლარი გადასცა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს," - აღნიშნულია ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.



Print