ახალი ამბები
ქუთაისში ახალი საცურაო აუზი აშენდება
FaceBook
მშენებლობა 2017 წლის აპრილისთვის დასრულდება.


ქუთაისში კერძო სკოლა "მერსმის" ხელმძღვანელობა დახურული ტიპის საცურაო აუზსს აშენებს, რომელიც ამავე სკოლის ტერიტორიაზე განთავსდება.  

გამსახურდიას ქუჩის პირველ შესახვევში (#8) აუზის მშენებლობისთვის 300 000 ლარამდე დაიხარჯება, რისთვისაც ქუთაისის მერიამ შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა.

"ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ჯანსაღი თაობა და ამისთვის სპორტის გაკვეთილებს დაემატება ცურვის გაკვეთილებიც, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- ამბობს სასწავლო ცენტრ "მერმისის" დამფუძნებელი, ლალი აბაშიძე.

სკოლის მოსწავლეებისთვის ცურვის გაკვეთილები უფასო იქნება, ხოლო გარეშე პირთათვის სააბონენტო გადასახადი დაწესდება.

საცურაო აუზში არაქლორირებულ წყალს გამოიყენებენ. როგორც ლალი აბაშიძე ამბობს, დადებით მხარესთან ერთად, არასწორი ექსპლუატაციის პირობებში, ქლორის ზედმეტი დოზირება ადამიანისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, გარკვეული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

"იონიზირებული დანადგარის დანერგვას ვგეგმავთ და ქლორი უკვე აღარ იქნება საჭირო. ეს ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ქლორის ექსპლუატაცია, მაგრამ არაქლორირებული წყალი ბევრად უფრო უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ბავშვებზე, რომელთა ორგანიზმი ძალიან სათუთია,"- ამბობს სკოლა "მერმისის" დირექტორი.

აუზი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე საშხაპე კაბინებითა და გასახდელებით, ერთდროულად 20 ადამიანს 1 საათიანი დროის ხანგრძლივობით მოემსახურება და ყველა სეზონზე იმუშავებს. ცურვის არ მცოდნე პირთათვის კი შემსწავლელი კურსებიც მოეწყობა.

Print