ახალი ამბები
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქუთაისის მერის სტიპენდიის კონკურსი 7-8 მაისს ჩატარდება
FaceBook
კონკურსში მონაწილეებს ტესტირება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ჩაუტარდებათ.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 7 და 8 მაისს კონკურსი სახელწოდებით "მერის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის" მეორედ გაიმართება.

7 მაისს მოსწავლებისთვის ტესტირება ორ ნაწილად ჩატარდება. პირველ სესიაში მონაწილეობას მე-11 კლასის მოსწავლეები მიიღებენ, რომლებსაც ტესტირება ქართულში, ინგლისურსა და ბიოლოგიაში ჩაუტარდებათ.

მეორე სესიაზე მოსწავლეებს ისტორიის, გერმანულის, რუსულის, ფიზიკის, ქიმიისა და გეოგრაფიის ჩაბარება მოუწევთ.

8 მაისს კი ტესტირება მოსწავლეებთან ერთად სტუდენტებსაც ჩაუტარდებათ.

გამარჯვებულები თითოეულ საგანში გამოვლინდებიან, რომლებიც 8 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღებენ ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიას. 

რა რაოდენობის თანხას მიიღებენ მიმდინარე წელს კონკურსის შედეგად გამოვლენილი წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები, ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ. გასულ წელს კი ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მომავალი კონკურსის მასშტაბების ზრდას აანონსებდა.

2015 წელს კი კონკურსში გამარჯვებულთა სტიპენდიისთვის ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში 10 000 ლარი გახლდათ გათვალისწინებული.

კონკურში "მერიის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის" გასულ წელს 301 კონკურსანტი დარეგისტრირდა, ხოლო გამარჯვება 9 მოსწავლემ და 10-მა სტუდენტმა მოიპოვა.

Print