ახალი ამბები
"ბერმუხას" კონცერტი და იმერეთის რაიონების ღონისძიებები მუხნარის ტყეში
FaceBook
ღონისძიებები იმართება  ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც

დღეს, გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნა მუხნარის ტყე-პარკში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.

იმერეთის ყველა რაიონის წარმომადგენლებმა, თავიანთი ტრადიციული კულტურულ-შემოქმედებითი ნიმუშები წარმოადგინეს.

გაიმართა სპორტული შეჯიბრებები. მათ შორის ტურიზმის ტექნიკაში ერთმანეთს ნორჩი ტურისტები შეეჯიბრნენ. გამარჯვებულს არკადი ჩაკვეტაძის თასი გადაეცა.

აქვე მოეწყო ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და თოჯინების თეატრის წარმოდგენა.

გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუხნარის ტყე-პარკში ანსამბლ "ბერმუხას" კონცერტიც გაიმართა.

ღონისძიებებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

10-მდე ღონისძიება იმართება ქალაქის ცენტრალურ  ნაწილშიც.

ქუთაისში  გვირილობის აღნიშვნა ორი დღის წინ დაიწყო. დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები გუშინ, ქალაქის ცენტრალურ უბანში გაიმართა.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

წელს პირველად გვირილობის   დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა.



Print