ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 25 წლის იუბილეს "სახელოვნებო კვირეულით" აღნიშნავენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით "სახელოვნებო კვირეული" იმართება.

კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში, დღეს, 15:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია-პროექტი "ეტალონი" ჩატარდება.

შაბათს, 7 მაისს 18:00 საათზე, ლადო მესხილშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აწსუ-ს სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის "კოლხასა" და "ადილას" კონცერტი გაიმართება.

წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მთავარ ფოიეშია დაგეგმილი 11 მაისს, 14:00 საათზე, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა.

12 მაისს, 18 საათზე ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი აწსუ სტუდენტთა თეატრალურ დასს, ა. ქოქრაშვილის სპექტაკლით "მეზუნია ჩიტები" უმასპინძლებს.

ამავე თეატრში 13 მაისს, 16 საათზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრის სპექტაკლი - გ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი" გაიმართება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მთავარ ფოიეში 13 მაისს 19 საათზეა დაგეგმილი აწსუ-ს დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა და პედაგოგთა მოდელების ჩვენება.

სახელოვნებო კვირეულის დახურვის ცერემონია 13 მაისს 20 საათზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მთავარ ფოიეში თ. კობახიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სტუდენტებისათვის ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
სტუდენტებს მოსაწვევების აღება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის განყოფილებაში შეუძლიათ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ სტატუსს 1991 წლიდან ატარებს, მანამდე კი ის პედაგოგიური ინსტიტუტის სახელით ფუნქციონირებდა.

Print