ახალი ამბები
Tango de Rosas - პერფორმანსი ქუთაისში
FaceBook
"Tango de Rosas" პერფორმანსი გაიმართა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.
წარმოდგენა "გვირილობა 2016" -ის ფარგლებში ჩატარდა და მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ფოტოგრაფ-დიაზაინერ ირმა შარიქაძის ტანგო პერფორმანსი და ტანსაცმლის კოლექცია.

"საქართველოში წამყვანმა მოცეკვავეებმა და შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა წარმოდგენაში, ასევე მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა მომღერალ, ნუკრი კაპანაძის შესრულება," - განაცხადა მერიის კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ელეონორა გოგოლაშვილმა

ფოტოგრაფ-დიაზაინერ ირმა შარიქაძის მიერ წარმოდგენილ ტანგო პერფორმანს ბაგრატიონთა შთამომავალი პრინცი ხუან (იოანე) ბაგრატიონი და მისი მეუღლე ქრისტინე ბაგრატიონი ესწრებოდნენ.

დღეს ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაული აღინიშნება, რომელიც გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

პირველად გვირილობა ქუთაისში 105 წლის წინ აღნიშნეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
Print