ახალი ამბები
ბაგრატიონთა შთამომავალი გვირილობის დღესასწაულზე
FaceBook
"მეორე წელია, რაც ქუთასობას აღვნიშნავთ"

ქუთაისს დღეს, გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატიონთა შთამომავალი პრინცი ხუან (იოანე) ბაგრატიონი და მისი მეუღლე ქრისტინე ბაგრატიონი ესტუმრნენ. სამეფო გვარის წარმომადგენლები იმერეთის გუბერნატორის და ქუთაისის მერის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან მიღებაზე იყვნენ.

"გვირილობა ჩემთვის ტრადიციადქცეული ბავშვობიდან არის. ვინაიდან, მე ქუთაისში დავიბადე და რამოდენიმე წელი აქ გავატარე, შესაბამისად, ძალიან მიყვარს ქუთაისი, ქუთაისელი ხალხი, საოცარი ქალაქია თავისი ტრადიციებით და უმნიშვნელოვანესი ძეგლებით. ნამდვილად დიდი პატივია ჩემი და ჩემი მეუღლისთვის. მეორე წელია, რაც ქუთასობას აღვნიშნავთ", - განმარტა ქრისტინე ბაგრატიონმა.

"გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში 16 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლეს.

პირველად გვირილობა ქუთაისში 105 წლის წინ აღნიშნეს. 

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.


"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


Print