ახალი ამბები
ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, მონ პლეზიერის თაღთან, ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა მიმდინარეობს.
"წარმოდგენილი გვაქვს ნატურალურ ტყავზე დამზადებული აქსესუარები, ასევე გვირილობასთან დაკავშირებით, მსურველებს ვთავაზობთ თემატურ ნაკეთობებს,"-განაცხადა აქსესუარების დიზაინერმა ნათია ცერცვაძემ.

ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ორგანიზებით ფოტო გამოფენა მოეწყო ქალაქის  ცენტრალურ ბაღში, სადაც ცენტრალური მოედნის ამსახველი ფოტოები წარმოადგინეს.

"დროთა განმავლობაში იცვლებოდა ქუთაისის ცენტრალური მოედნის სახელწოდებაც და შენობა-ნაგებობებიც. ფოტოებში წარმოდგენილია ისტორია თუ არა ძეგლები იყო მოედანზე ადრე და როგორ შეიცვალა მისი იერსახე დროთა განმავლობაში," - განაცხადა ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის დირექტორმა, რამაზ მორჩაძემ.

"გვირილობა 2016 "-ის ფარგლებში მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მასპინძლობს დამთავლიერებლებს ვერიკო ანჯაფარიძის ბაღში. გამოფენაზე წარმოდგენილია ბისერებით შექმნილი ნამუშევრები, ასევე, კალმით შესრულებული გრაფიკა და ნახატები, რომელთა შეძენა მსურველებს 5 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

პირველად გვირილობა ქუთაისში 105 წლის წინ აღნიშნეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


Print