ახალი ამბები
ქუთაისში ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, "გვირილობის" დღესთან დაკავშირებით, ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით შედგა, მოსწავლეთა სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევრები და ნახატები იყო წარმოდგენილი.

"აქციის შედეგად შემოსული თანხა გადაერიცხებათ ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს,"-აცხადებს საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი, დალი ფუცხაშვილი.

"გვირილობის" დღესასწაულის ფარგლებში, ასევე, ფოტო გამოფენა შედგა, რომელშიც ქუთაისის ცენტრალური მოედნის ისტორია იყო ასახული.

"ეს არის თემატური გამოფენა: როგორ წარმოიშვა და რა ცვლილებები განიცადა, რა პროცესები მიმდინარეობდა ამ დროს, რომელი ძეგლები არსებობდა მაშინ. ამ ყველაფრის ჩვენება გვინდა დაინტერესებულ პირთათვის"- ამბობს ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმის ხელმძღვანელი, რამაზ მორჩაძე.

ცენტრალური ბაღში, ასევე, გოგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალ თემაზე შესრულებული თავიანთი ნახატები გამოფინეს.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. თუმცა, მიმდინარე წელს გვირილობის, იგივე ორმაისობის დღესასწაულს 3 მაისს აღინიშნავენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გრძელდება. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ ქუთაისქალაქობა სამ მაისს იმ მიზეზით აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისი ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს ემთხვევა. ამიტომ ორი მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმობა.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა ქუთაისს არ უკავშირდება.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
Print