ახალი ამბები
ყვავილების ფესტივალი ქუთაისში
FaceBook
"გვირილობა 2016" -ის ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყვავილების ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალზე გამოფენილია სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, რომლებიც ქუთაისში მოქმედი ყვავილების სალონებმა წარმოადგინეს.
ასევე, გვირილობის დღესასწაულზე ყვავილების გამოფენა მოაწყვეს თბილისიდან მოწვეულმა სალონებმაც.

"ვარდის სახლი" დღეს ჩამოვიდა იმისთვის, რომ მივულოცოთ გვირილობა ქუთაისელებს. ასევე, წარმოდგენილი გვაქვს 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ვარდი, რომელთა შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვასწავლით მსურველებს როგორ მოუარონს ვარდებს," - განაცხადა ყვავილების სალონ "ვარდის სახლის" დირექტორმა, ამაბკო ბრეგვაძემ.

მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ სალონ "Flowers Lovers"-ის ფლორისტების მიერ დამზადებული გვირილების თაიგულები და ხელოვნური ყვავილები.

"დღეს საღამოს რვა საათამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს, დაათავლიეროს და შეიძინოს მათთვის სასურველი დიზაინის გვირილების გვირგვინები და თაიგულები," - განაცხადა სალონის ფლორისტმა, ნათია გურეშიძემ.

ყვავილების სალონი "Flowers Lovers" მსურველებს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში საღამომდე უმასპინძებს, ხოლო "ვარდის სახლი" ქუთაისში ხვალ საღამოს ექვს საათამდე დარჩება.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. თუმცა, მიმდინარე წელს გვირილობის, იგივე ორმაისობის დღესასწაულს 3 მაისს აღინიშნავენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გრძელდება. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ ქუთაისქალაქობა სამ მაისს იმ მიზეზით აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისი ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს ემთხვევა. ამიტომ ორი მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმობა.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა ქუთაისს არ უკავშირდება.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
Print