ახალი ამბები
"პროდუქტი ნისიად ავიღე" - ქუთაისში სააღდგომო ნობათებისთვის 75 ათას ლარამდე დაიხარჯა
FaceBook
სააღგომო ნობათებისთვის ბიუჯეტიდან 74 535 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სააღდგომო ნობათების გაცემა, რომელიც 25 აპრილიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია.  

სოციალური სამსახურის  ინფორმაციით, სადღესასწაულო ნობათები ქალაქში მცხოვრებმა 3033 ოჯახმა მიიღო. თუმცა, მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, სააღდგომო სურსათის მიღების მსურველი 2000-მდე მოქალაქიდან მხოლოდ 1650-მა მიიღო.

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ეკა არველაძის განმარტებით, მოქალაქების შერჩევა ადმინისტრაციული ერთეულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მოქალაქეების მომართვიანობის საფუძველზე  მოხდა.  თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებულობას ვინ უზრუნველყოფდა უცნობია.

მაგალითად, ქუთაისში ზაზა მალანიას ქუჩის მკვიდრს, მედეა კუჭავას სააღდგომოდ ერთჯერადი ნობათების გაცემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, რის გამოც სააღდგომოდ პროდუქტების შეძენა ნისიად მოუხდა. 

"არავის არაფერი უთქვამს, აღდგომა რომ გავითენო 30 ლარის პროდუქტი ნისიად ავიღე. ხომ შეიძლებოდა ვინმეს ეთქვა, აღარც სოციალურ დახმარებას მაძლევენ, არც ეს ერთჯერადი დახმარება მერგო", - ამბობს მედეა კუჭავა.


სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ სურსათის მისაღებად ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აუცილებელი არ იყო.

"მოქალაქის შერჩევა  ოჯახის სოციალური მდგომარეობის მიხედვით მოხდა", - განმარატვს ეკა არველაძე.  

გაყინული ქათამი, პასქა, 10 ცალი კვერცხი, 2კგ. შაქარი, ზეთი, კარაქი, 2 კგ პურის ფქვილი, მაიონეზი, შოკოლადის კანფეტი და შედედებული რძე - ამ პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 74 535 ლარი დაიხარჯა.


Print