ახალი ამბები
ქუთაისელი "ნაციონალები"- მოსახლეობას აქციაზე წასვლას უკრძალავენ
FaceBook
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობას  21 მარტს დაგეგმილ აქციაზე წასვლას უკრძალავენ. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დავით გოგისვანიძემ ისაუბრა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსახლეობას აქციაზე წასვლის აკრძალვის მიზნით  ღიად ემუქრებიან. "შეხვედრებზე სადაც მოსახლოებას ვხვდებით და არსებულ პრობლემებზე ვესაუბრებით, მოდიან და ემუქრებიან. თუ წახვალთ აქციაზე ნახეთ რა მოგივათო. ეს რა თქმა უნდა, ზეწოლაა", - ამბობს გოგისვანიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, მათ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები აქვთ. თუმცა, "ნაციონალები" ირწმუნებიან, რომ ისინი აღნიშნულ შეხვედრებზე დაგეგმილ აქციაზე არ საუბრობენ. მათივე თქმით, ისინი შეხვედრებზე  არსებულ პრობლემებზე და მათი გამოსწორების გზებზე საუბრობენ.
რაც შეეხება, 21 მარტს დაგეგმილ აქციას, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აქციაზე წასვლის მსურველი უფრო მეტია, ვიდრე ელოდნენ.
"ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და გვეუბნება რომ ორგანიზებულად ჩვენთან ერთად წავიდნენ. დაახლოებით 2000-მდე ადამიანი ორგანიზებულად წავალთ", - აცხადებენ " ნაციონალურ მოძრაობაში".
"ნაციონალური მოძრაობა" აქციას თბილისში, 21 მარტს 16:00 საათზე მართავს.  
თეკლე მორგოშია
Print