ახალი ამბები
ქუთაისში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
FaceBook
3 მაისს, 18:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ შშმ პირს, 8 წლის მარიამ სოხაძეს, გადაეცემა.

ღონისძიების ორგანიზატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.

კონცერტი ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიგეგმა. ბენეფიციარი კი იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, დღის ცენტრში სტუმრობის დროს შეირჩა.

"ქუთაისელი საზოგადოება ამჯერადაც არ დარღვევს საუკუნის წინ დაწყებულ გვირილობის საქველმოქმედო ტრადიციას, რომლის თანახმადაც გიმნაზიელი გოგონების მიერ შეგროვებული თანხა ტუბერკულოზით დაავადებულებს ხმარდებოდა და მარიამის მიმართ განსაკუთრებულ გულისხმიერებას გამოიჩენს," - აცხადებენ იმერეთის სახარეო ადმინისტრაციაში.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება.  თუმცა, მიმდინარე წელს გვირილობის, იგივე ორმაისობის დღესასწაულს 3 მაისს აღინიშნავენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები  7 მაისის ჩათვლით გრძელდება. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ ქუთაისქალაქობა სამ მაისს იმ მიზეზით აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისი ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს ემთხვევა. ამიტომ ორი მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმობა.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

გვირილობის დღესასწაულისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.



Print