ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში 2006-2015 წლებში გასხვისებული ქონების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
FaceBook
ქუთაისში ადგილობრივ თვითმმართველობაში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 2006-2015 წლებში ქუთაისის მერიის მიერ გასხვისებული მიწის ნაკვეთების და შენობა- ნაგებობების საკითხს შეისწავლის.

სამუშაო ჯგუფის დებულება დღე ქუთაისის საკრებულომ ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა.

ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ დვალიშვილის თქმით, მერიის მიერ გასხვისებული ობიეტების შემსწავლელი ჯგუფის შექმნა, საზოგადებაში ამავე საკითხების გამო გაჩენილმა კითხვის ნიშნებმა განაპირობა.

"ჯგუფი, რომელიც შეიქმნება შეისწავლის რა პირობებში და რა მიზეზით მოხდა წინა ხელისუფლების დროს ობიეტების გასხვისება. დაიდება შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. თუკი გამოიკვეთება რაიმე საეჭვო, ასეთ შემთხვევაში შესაბამის ორგანოს მივმართათ, რადგან ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო," - განაცხადა კახაბერ დვალიშვილმა.

სამუშაო ჯგუფის შექმნის მიუხედავად, როგორც კახა დალიშვილი განმარტავს, ამ დროისთვის თვითმმართველობაში არ აქვთ მონაცემები რა რაოდენობის მიწის ნაკვეთის თუ შენობა-ნაგებობის გასხვისება მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობში.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ჯგუფის ხელმძღვანელს, მათივე შემადგენლობიდან, საკრებულოს დეპუტატები ღია კენჭისყრით აირჩევენ.

ამ დროისთვის, ასევე განსაზღვრული არ არის რამდენ წევრიანი იქნება ან როდიდან შეუდგება ჯგუფი მუშაობას.

საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დებულების მიხედვით, ქუთაისში ბოლო 10 წლის მანძილზე გასხვისებული ობიექტების სამართლიანობის საკითხის დადგენას საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი სამ თვეში შეეცდება.



Print