ახალი ამბები
ქუთაისში სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აღარ არიან
FaceBook
ადგილზე სიტუაციას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

ქუთაისის სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების მიერ, გუშინ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, გარემოვაჭრეები აღარ არიან.

პოლიციის თანამშრომლებმა მათ ადგილების დაკავების უფლება დილიდან აღარ მისცეს. პოლიცია ადგილზე ვითარებას ამ დრომდე აკონტროლებს. 

გარევაჭრობის აკრძალვას დილიდან აპროტესტებენ მოვაჭრეები და ამბობენ, რომ "გრანდმოლის" მეპატრონეს ისინი 3-4 დღით ადრე უნდა გაეფრთხილებია. ასეთ შემთხვევაში, სააღდგომო პროდუქციას აღარ შეიძენდნენ. ახლა კი პროდუქცის რეალიზაციას ვეღარ მოახერხებენ, რაც მათ ფინანსურად დააზარალებს.

"გრანდმოლი"' დირექტორი ნატო დანელია ამბობს, რომ ადგილზე გარევაჭრობას აღარ დაუშვებს.

"ეს აღარასოდეს განმეორდება. აქ გარევაჭრობა დასრულებულია. 4 წელია ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, მაგრამ უშედეგოდ",-ამბობს ნატო დანელია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

დანელია უარყოფს ინფორმაციას ადგილზე პოლიციის კონტროლის მოთხოვნის შესახებ და ამბობს, რომ მას ამ მიზნით არავისთვის მიუმართავს.

საპოლიციო კონტროლთან კავშირს უარყოფენ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. 

"ვისი მოვალეობაც არის სიტუაციის კონტროლი, აკონტროლებს ის," - ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბექა ჭეიშვილი.

სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" თანამშრომლებმა, გუშინ საპროტესტო აქცია შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გამართეს. მათი თქმით, გარემოვაჭრეები მყიდველებს პროდუქციას ქუჩაში სთავაზობენ, რის გამოც კლიენტები  სავაჭრო ცენტრში აღარ შედიან. 

Print