ახალი ამბები
ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა
FaceBook
საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას კომიტეტზე ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა.


საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირველი მოსმენით ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა განიხილა.

სხდომაზე, რომელიც გუშინ სტრასბურგში გაიმართა, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა.

საკითხის მომხსენებელი ევროკომისიის წარმომადგენელი მარია გაბრიელა იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერლიზაციის დაწესებას.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს.

შემდგომი განხილვა ისევ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაიმართება. მომხსენებელმა უნდა მოამზადოს მოხსენება, რომელიც ჯერ ამავე კომიტეტში, კომიტეტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში კი უკვე კენჭისყრაზე ევროპარლამენტში უნდა გავიდეს.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტი მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

წყარო: ipn.ge
Print