ახალი ამბები
ეს ადამიანები აზროვნებენ განსხვავებულად - ჟვანიას სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ
FaceBook
"ეს გახლავთ პირველი ნაკადი, როდესაც შეცვლილი და მეტად დახვეწილი სისტემით მოხდა მოხელეთა ცოდნის შეფასება."


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული სერთიფიკატები მიიღეს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის, დარგობრივი კურსების 2016 წლის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებმა.

საჯარო ორგანიზაციების და ადამიანური რესურსების მართვა, საქმის წარმოება, საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია - ეს ის დარგობრივი კურსებია, რისი მსმენელებიც გახლდათ საჯარო მოხელეები.

სერტიფიკატი გადაეცა 46 საჯარო მოხელეს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მაღალმთიანი რეგიონებიდან.

"ეს გახლავთ პირველი ნაკადი, როდესაც შეცვლილი და მეტად დახვეწილი სისტემით მოხდა მოხელეთა ცოდნის შეფასება. საუბარია იმაზე, რომ შეფასება გადავიდა საკრედიტო სისტემაზე, რაც ამ სკოლის რეფორმის ნაწილია. ყველამ დაძლია ეს ბარიერი და მიიღეს დამატებითი ცოდნა", - აღნიშნა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონი ჯერჯერობით არ ავალდებულებს ამ ცოდნისა და კრედიტების დაგროვებას. თუმცა, "ეს ადამიანები აზროვნებენ განსხვავებულად. ისინი იწყებენ საკუთარ თავში ინვესტიციების ჩადებას და სახელმწიფო მათ ამაში ეხმარება. საჯარო სექტორში ჩნდება ისეთი ცნება, რასაც კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული მუშაობა ქვია. ეს განაპირობებს საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაზრდას", -აღნიშნა ქეთევან ჯაყელმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.



Print