ახალი ამბები
ნიკა ლატარია -ნატო ქათამაძე სინქრონულად შეერწყა "ნაციონალურ მოძრაობას"
FaceBook
ნიკა ლატარიამ საკრებულოს სხდომაზე ნატო ქათამაძის ბრალდებებს უპასუხა


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ნატო ქათამაძეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ლატარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ნატო ქათამაძის ბრალდებებს უპასუხა, რომელმაც ნიკა ლატარია ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე "არგოს" მშენებლობით დაინტერესებაში დაადანაშაულა.

ნატო ქათამაძის თქმით, ლატარიამ მისი ნდობით აღჭურვილს პირს შპს "ანასტასიას" წილი გადასცა, მაგრამ ამის მიუხედავად მშენებლობაში მისი ინტერესი კვლავ რჩება.

ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ "არგოს" მშენებლობასთან კავშირი არ აქვს და ნატო ქათამაძე "ნაციონალური მოძრაობის" წესებით თამაშობს.

"ნატო ქათამაძემ "არგოს" თემით საბოლოოდ გამოაჩინა მისი სახე. უკვე ცხადია, რომ იგი სინქრონულად შეერწყა "ნაციონალურ მოძრაობას". მისი ეს ბრალდება არის სიცრუე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე "არგოსთან" არაფერი მაკავშირებს",-განაცხადა ლატარიამ.

ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობას საზოგადოება მშენებლობის დაწყების დღიდან აპროტესტებს. რიონის სანაპიროზე გემის ფორმის კაფე-ბარს შპს "ანასტასია" აშენებს, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაეცა.

Print