ახალი ამბები
"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერიას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს
FaceBook
წულაია აპირებს დოკუმენტებით პროკურატურას მიმართოს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია აცხადებს, რომ ქუთაისის მერიამ საზოგადოება მოატყუა, როცა განაცხადა, რომ შენობა, რომელშიც ტურისტული ცენტრის მოწყობა იგეგმება, VTB ბანკმა თვითმმართველობას საჩუქრად გადასცა.

მისი თქმით, სინამდვილეში შენობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2015 წლის 25 დეკემბერს 650 000 დოლარად შეიძინა. შემდეგ კი, ერთ თვეში, 2016 წლის 21იანვარს VTB ბანკში 70 000 ლარად იპოთეკით დატვირთა.

"ქუთაისის მერიამ კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ მათ ეს შენობა აჩუქეს. ახლაც იპოთეკითაა დატვირთული ობიექტი და 650 000 დოლარი აქვს მერიას გასულ წელს მის შესაძენად გადახდილი. სად წაიღეს ის 10 მილიონი, რომელიც ტურუსტული ცენტრის ასაშენებლად ისესხეს? სად მიდის ეს ფული იცის ვინმემ?"- ამბობს გოგი წულაია.

წულაიას ბრალდებებს პასუხობენ ადგილობრივ თვითმართველობაში. ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განცხადებით, მერიამ შენობა გასულ წელს 1 561 000 ლარად შეიძინა. თუმცა, ამისთვის საბიუჯეტო თანხები პრაქტიკულად არ დაუხარჯავს.

"მერიამ მართლაც შეიძინა ეს შენობა გასულ წელს, მაგრამ ამისთვის საბიუჯეტი თანხა პრაქტიკულად არ დახარჯულა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ საბანკო მომსახურებაზე გამოაცხადა კონკურსი და სწორედ, ამ თანხით გაიმარჯვა VTB ბანკმა. ხსენებული 650 000 დოლარი კი წინასწარ გადაგვიხადა ბანკმა. რაც შეეხება 70 000 ლარს, ეს არის ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში ჯარიმა, რომელსაც გადაიხდის ქუთაისის მერია, თუ ბანკთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის",-ამბოს ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების  სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი.

Print