ახალი ამბები
სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს
FaceBook
"21-ე საუკუნეში გაზს ვნატრობთ"


სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ცენტრალური მაგისტრალი გაყვანილია, თუმცა სოფელში გაზის შეყვანა ამ დრომდე არ მომხდარა. ადგილობრივების თქმით, გაზიფიცირება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო.

"ამხელა სოფელს ისიც გვყოფნის, რომ წყალი არ გვაქვს და ამ უბედურებას კიდევ ისიც ემატება, რომ 21-ე საუკუნეში გაზს ვნატრობთ. მთელი სოფელი შეშას ვიყენებთ გასათბობად," - ამბობს სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობა.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წყალტუბოს სერვისცენტრში აცხადებენ, რომ გაზიფიცირების სამუშაოებს სოფელ ჯიმასტაროში კომპანიის ქუთაისის წარმომადგენლობა ახორციელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, სამუშაოებს ქუთაისის სერვისცენტრი ახორციელებს," - განმარტავს "სოკარ ჯორჯია გაზის" წყალტუბოს სერვისცენტრის წარმომადგენელი, ბაკურ ბალანჩივაძე.

"სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისის სერვისცენრის მენეჯერი, თემურ ხვინგია ქუთაისიპოსტთან განმარტავს, რომ სოფელ ჯიმასტაროს გაზიფიცირება 2016-2017 წლებში არ იგეგმება.

"ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეესტრში, სადაც მოცემულია 2016-2017 წლებში ქუთაისის არეალში არსებული სოფლების გაზიფიცირების ჩამოთვალი, ჯიმასტარო შეყვანილი არაა.
შესაბამისად, ამ წლებში სოფლის გაზიფიცირება არ იგეგმება. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, ის გაყვანილი იქნა გუმათის დასახლების გაზიფიცირების დაწყებისას," - განაცხადა "სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისის სერვისცენრის მენეჯერმა, თემურ ხვინგიამ.

Print