ახალი ამბები
"ახალგაზრდა შემოქმედთა სახლის" გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი მეორედ ჩაიშალა
FaceBook
მერიამ შემსყიდველს შენობის შემოღობვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება დაუმატა.



ქუთაისში გრიშაშვილის #19-ში, "ახალგაზრდა შემოქმედთა სახლის" ამორტიზებული შენობის გასაყიდად განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა.

თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა, რომელიც გასულ წელს ჩამოინგრა, გასაყიდი ობიექტების ნუსხაში ერთხელ უკვე მოხვდა. თუმცა, აუქციონზე შენობის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

1700 კვადრატულ მეტრზე მდებარე შენობა, ქუთაისის მერიამ აუქციონზე განმეორებით პირველ აპრილს გაიტანა. მერიამ ამჯერად, შემსყიდველს შენობის შემოღობვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება დაუმატა. ქუთაისის მერიაში მიიჩნევდნენ, რომ განმეორებით აუქციონზე, შენობა უკეთესი პირობებით გავიდა. შენობის გასაყიდი ფასი 450 000 ლარი იყო.

შენობის შეძენის მსურველი არც ამჯერად გამოჩნდა. ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, დავით გოგრიჭიანის თქმით, შენობას აუქციონზე სავარაუდოდ ისევ გაიტანენ.

"ახალგაზრდა შემოქმედთა სახლი" გრიშაშვილის #19-ში წლებია აღარ ფუნქციონირებს.

Print