ახალი ამბები
ქუთაისში ჭადრაკის მოყვარულთა შორის ტურნირი გაიმართა
FaceBook
ქუთაისის მერიამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის მოყვარულებისთვის ტურნირი ჩაატარა.

16–17 აპრილს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის გამართულ ქალაქის პირველობაში ინტელექტუალური სპორტის 50–მდე მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. 

მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის ტურნირი სამ კატეგორიაში ჩატარდა, შესაბამისად, გამაჯვებულები გამოვლინდნენ მოყვარულ "პროფესიონალთა", მოყვარულთა და ქალთა შორის.

ტურნირის მთავარი მსაჯი გახლდათ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ალექსანდრე არსენიძე, რომელსაც ფიდეს არბიტრი ინგა კიკვაძე ეხმარებოდა.

მოყვარულთა და ,,პროფესიონალ" მოყვარულთა შორის შეჯიბრება 9 ტურად გაიმართა, ქალთა შორის კი გამარჯვებული 2 წრედ ჩატარებული 10 ტურის შედეგად გამოვლინდა.

გამარჯვებულებისა და პრიზიორების ვინაობა მხოლოდ ბოლო ტურის შემდეგ გახდა ცნობილი.

პირველ დაფაზე ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ზვიად ჯეჯელავამ შავი ფიგურებით გათამაშების ლიდერი გიორგი დათუაშვილი დაამარცხა და 7 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. დათუაშვილმა (7ქ.) ბოლო პარტიაში მარცხის მიუხედავად უკეთესი კოეფიციენტის წყალობით ჩემპიონობა მოიპოვა, 7 ქულა დააგროვა მეორე ადგილზე გასულმა გელა ხუნდაძემაც, რომელმაც გადამწყვეტ პარტიაში ტურნირში მონაწილე ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას მოუგო.

მოყვარულ "პროფესიონალთა" შორის ფავორიტი თავიდანვე გამოიკვეთა და საბოლოოდ 7,5 ქულით ჩემპიონობა კახა ჟორჟოლიანმა მოიპოვა. 5.5–5.5 ქულა დააგროვეს და შესაბამისად მე–2, მე–3 ადგილებზე გავიდნენ თამაზ სვანიძე და ბერდია ტურაბელიძე.

ქალთა შორის  ჩემპიონობა მოიპოვა შორენა ჯიმშელეიშვილმა. მეორე ადგილზე გავიდა ია ამბროლაძე, ხოლო მესამე ადგილზე -  ნინო გაბუნია.

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები ქალაქის მერმა ტელევიზორებით დააჯილდოვა, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს კი სმარტფონები გადაეცათ.

მობილური ტელეფონით დასაჩუქრდა ტურნირის ყველაზე უხუცესი მონაწილე.

ყველაზე სწაფად მოგებული პარტიისთვის დაწესებული პრიზი (მობილური ტელეფონი) გადაეცა ქალთა შორის მოასპარეზე ჟურნალისტს თეა ზიბზიბაძეს, რომელმაც მეტოქე 5 სვლაში დაამარცხა.

პრიზი (მობილური ტელეფონი) ასევე, გადაეცა ქალაქის მერს, ქუთაისში ჭადრაკის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის, რომელიც შოთა მურღულიამ შეჯიბრების ერთ–ერთ მონაწილეს, მის მრჩეველს ზურაბ ხურციძეს უსახსოვრა.

ტურნირის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული შეჯიბრება ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია და მოყვარულთა შორის ქალაქის პირველობა ამიერიდან წელიწადში ორჯერ გაიმართება.
Print