ახალი ამბები
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერს - ბიუჯეტში დღესაც დევს 100 000 ლარი ძეგლების დემონტაჟისთვის
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"  კიკვიძის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაციის წარმომადგენელბის განმარტებით,  ქალაქის მერს "ქამრის მოჭერა" კანონის გვერდის ავლას არ ავალებს. "კანონი "თავისუფლების ქარტია" ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლოების აღმოფხვრას გულისხმობს და მისივე თანაკოალიციელის ინიციატივითაა მიღებული, ვასილ კიკვიძის ძეგლი კი ასეთ სიმბოლოთა რიცხვშია. შოთა მურღულიას ავიწყდება სიტყვა, რომ ამ ძეგლს წლის ბოლომდე აიღებდა, ავიწყდება, რომ ქუთაისის ბიუჯეტში დღესაც დევს 100 000 ლარი ძეგლების დემონტაჟისთვის, ავიწყდება, რომ ქუთაისი ჟიტომირის დამეგობრებული ქალაქია–კიკვიძე კი მისი ამაოხრებელი, ავიწყდება რომ უკრაინა საქართველოს უპირველესი პარტნიორია", - აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი. 
ორგანიზაციაში ასევე  განმარტავენ, რომ ქალაქის მერს ავიწყდება,  რომ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის  მანქანის შესაძენად თავად გამოაცხადა 25 000 ლარიანი ტენდერი.  ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ახსენებენ, რომ  ახალგაზრდობის სკვერში ლიტერატურული სარდაფი ქამრების შემოჭერის მიუხედავად გაიხსნა, ბოტანიკურ ბაღში ოდის ასაშენებლად 42 000 ლარია გადახდილი.
"ვიღაც ღვთიან–მადლიანმა "იაფად" რომ ჩამოაგდოს მემარცხენე ესერის და ქამრების შემოჭერის საკითხებში თქვენი ბოლო იმედის, ვასილ ისიდოროვიჩის ძეგლი, ხომ აგვერია რუსეთთან სიმწრით დალაგებული კავშირ ურთიერთობები?! ", -  განმარტავენ "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები. 
ქუთაისის მერია, ე.წ. ზასტავაზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის" გამო ვერ აიღებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
თეკლე მორგოშია


Print