ახალი ამბები
ქუთაისში ფეხბურთის მწვრთნელთა C ლიცენზირების კურსები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ფეხბურთის მწვრთნელთა C ლიცენზირების ათდღიანი კურსები დაიწყო.

C ლიცენზიის მოსაპოვებლად დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო კლუბების მწვრთნელები და ის პირები მონაწილეობენ, ვისაც მომავალში მწვრთნელად მუშაობა სურს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის C ლიცენზიის მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის, ბადრი მაჭავარიანის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი კურსი ექვსჯერ გაიმართება.

"ეს არის ეროვნული მოხმარების ლიცენზია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია შემდეგი საფეხურების ლიცენზიის მოპოვება და არის პირველი საფეხური პროფესიულ ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელებისათვის. ამის შემდეგ მათ უკვე შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი B ლიცენზიის მიღებაზე, რომელიც მწვრთნელებს უეფას 54 ქვეყანაში საქმიანობის უფლებას აძლევს," - აღნიშნავს ბადრი მაჭავარიანი.

C ლიცენზირების კურსების მნიშვნელობაზე საუბრობენ კურსებში მონაწილე მწვრთნელებიც.

"რაც უფრო მეტი იქნება ქყვენაში ამ ლიცენზიის მქონე მწვრთნელი, მით უფრო განვითარდება ბავშვთა ფეხბურთი," - აცხადებს საფეხბურთო კლუბ ჩხოროწყუს "სამეგრელოს" მწვრთნელი, გიზო შენგელია.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ფეხბურთში C ლიცენზიას 1100-ზე მეტი მწვრთნელი ფლობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და იმერეთის რეგიონული ფედერციის ორგანიზებით მწვრთნელთა ლიცენზირების კურსები 2007 წლიდან იმართება.



Print