ახალი ამბები
ირანელი ფეხბურთელები საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მაისის ბოლოს დატოვებენ
FaceBook
კლუბის პრეზიდენტი არ მალავს, რომ ფეხბურთლებისთვის 250 ლარიანი ანზღაურება იყო გათვალისწინებული.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ორი ირანელი ფეხბურთელი ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვებს. კლუბის პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ფეხბურთლებს გუნდთან მხოლოდ ორთვიანი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, რომლის ვადაც მიმდინარე წლის 22 მაისს იწურება.

მისივე თქმით, ირანელ ფეხბურთლებს არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა და ისე დატოვებენ კლუბს, არც ერთ შეხვედრაში არ ითამაშებენ, რადგან თავიდანვე მხოლოდ მათი შესაძლებლობების შემოწმება იყო დაგეგმილი.

კლუბის პრეზიდენტი არ მალავს, რომ ირანელი ფეხბურთელებისთვის 250 ლარიანი ანაზღაურება იყო გათვალისწინებული, თუმცა ამბობს, რომ ფინანსების სიმცირის გამო, მათთვის თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

თემურ ჩეჩელაშვილი უარყოფს ბოლო დროს კლუბის ადმინისტრაციის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს, თანხის არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ფანკლუბი, ისევე, როგორც ადგილობრივი ოპოზიცია, მიზანმიმართულ დარტყმას აყენებს კლუბს.

"ერთი აბონიმენტი მაინც თუ აქვს საკრებულოს რომელიმე წევრს ნაყიდი, რომ თამაშებს დაესწრონ? ვინმემ რამე გააკეთა ამ კლუბისთვის, ახლა, რომ გამოდიან და თანხებს გვითვლიან?",-ამბობს ჩეჩელაშვილი.

ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ვითარებას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და ფანკლუბის წარმომადგენლები ერთდროულად აპროტესტებენ. ისინი კლუბის ადმინისტრაციას ხელფასების გაორმაგებასა და თანხების არასწორად განაწილებაში ადანაშაულებენ.

Print