ახალი ამბები
ქუთაისში ჟურნალის "აგროNEWS" პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სამეცნიერო-საერთაშორისო ჟურნალის "აგროNEWS" პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

აგრარული ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო ჟურნალის "აგროNEWS" დაფუძნება მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეცნიერებისთვის. მისივე განცხადებით, ჟურნალი არამარტო ხელს შეუწყობს მეცნიერთა კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, არამედ უნივერსიტეტსაც წარმოაჩენს საერთაშორისო დონეზე.

"ჟურნალში განთავსდება მოსაზრებები და კვლევები სოფლის მეურნეობზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას," - აცხადებს ქეთევან კინწურაშვილი.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი, როზა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჟურნალი თავისი ფორმატით მრავალპროფილურია. "აგროNEWS" წელიწადში ორჯერ გამოვა და სტატიები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდება.

"ჟურნალი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს ყველა დამწყებ მაგისტრანტსა თუ დოქტორანტს საკუთარი კვლევები თუ მოსაზრებები გამოაქვეყნონ მასში და გაეცნონ ერთმანეთის მუშაობას," - აღნიშნა როზა ლორთქიფანიძემ.

ჟურნალი აგრარულ ფაკულტეტზე "აგროეკოლოგიურ ასოციაციასთან" ერთად დაფუძნდა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა დარგის მეცნიერები.

Print