ახალი ამბები
ქუთაისის მერიას უფლებების დარღევაში ადანაშაულებენ
FaceBook
"თავისუფალი ზონის" წევრი ირწმუნება, რომ მერიის შენობაში სპეციალური ბრძანების საფუძველზე არ შეუშვეს.


ქუთაისის მერიას ნეპოტიზმსა და უფლებების დარღევაში ადანაშაულებენ.

ქუთაისის მერიას აღნიშნულ ბრალდებას "თავისუფალი ზონის" წევრები უყენებენ.

როგორც "თავისუფალი ზონის" კოორდინატორი, ნიკა ნარსია ამბობს, ის მერიის შენობაში იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ ქალაქის მერი, შოთა მურღულია რამდენიმე დღის წინ ნეპოტიზმში საჯაროდ ამხილა.

"ვთქვი, რომ დავასახელებდი იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, რომლებიც ნაცნობ-მეგობრობის ხათრით ჰყავს მერიაში დასაქმებული," - ამბობს ნარსია.

ნარსია ირწმუნება, რომ ქუთაისის მერიაში  დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სწორედ ამ მიზეზით, სპეციალური ბრძანების საფუძველზე არ შეუშვეს.

"ზევიდან დაავალეს, რომ არ უნდა შევეშვით მერიაში. ასე, რომ დაირღვა ჩემი, როგორც მოქალაქის  უფლებები, შენობაში არც საშვით და არ მის გარეშე არ შემიშვეს, რის გამოც აუცილებლად მივმართავ სასამართლოს," -  ნიკა ნარსია.

როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, ნიკა ნარსიას საშვი იმ მიზეზით არ მიეცა, რომ ადრესატი ვისთანაც ის მიდიოდა, შენობაში არ იმყოფებოდა.

"ვაჟა ჯუღელთან მიდიოდა, თუმცა სამსახურის უფროსი არ იმყოფებოდა მერიაში, რის გამოც ნარსიას საშვი არ ამოეწერა" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის მერის ნეპოტიზმში დადანაშაულება სიმართლეს არ შეესაბამება.

"გასაჯაროვდა კიდეც ინფორმაცია, სადაც მერიაში დასაქმებულებიდან, მერის კლასელი მხოლოდ ნოდარ მიქიაშვილია. სხვა ასეთი პირი თვითმმართველობაში არ მუშაობს," - განმარტავენ მერიაში.
Print