ახალი ამბები
თემურ ლანჩავას "ხელოვნების ქურუმის" ჯილდო გადაეცა
FaceBook
"გაუფასურებამდე მომანიჭეს ეს ჯილდო. მიხარია რომ ჩემი მოღვაწეობა დაფასდა"


ქუთაისის მწერალთა სახლის თავმჯდომარეს და ქალაქის საპატიო მოქალაქეს, თემურ ლანჩავას კულტურის სამინისტრომ "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიანიჭა.

აღნიშნული წოდება სამკერდე ჯილდოს ითვალისწინებს, რომელიც დღეს თემურ ლანჩავას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გადასცა.

ჯილდოს გადაცემას საზოგადოება "ქუთაისელის" წევრებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე და სასულიერო პირი დაესწრო.

"ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს გადმოცემა ჩემთვის. გაუფასურებამდე მომანიჭეს ეს ჯილდო. მიხარია რომ ჩემი მოღვაწეობა დაფასდა", - განმარტა ჯილდოს გადაცემის დროს თემურ ლანჩავამ.

საპატიო ქუთაისელმა სამინისტროდან მიღებული ჯილდოს გარდა, წიგნები მიიღო იმერეთის გუბერნატორისგან, ხოლო ბიბლია - ქუთაისის მერისგან.

თემურ ლანჩავას გამოცემული აქვს 20 პროზაული და 10 პოეტური კრებული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

1975 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

2001 წელს აირჩიეს ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.

თემურ ლანჩავს მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები.

არის ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოება "ქუთაისელის" ვიცე–პრეზიდენტი. ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგების კომისიისა და ჟურნალ "განთიადის" სარედაქციო საბჭოს წევრი.

2012 წელს მიენიჭა ქართული კულტურის რაინდის წოდება. დაჯილდოებული იქნა კულტურის მინისტრის მიერ დიპლომით ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
Print