ახალი ამბები
სად იყავი დღეს, ქართულო კინო?
FaceBook
"ეს არ ჰგავდა მრავალმხრივ დამსახურებული ადამიანის გაცილებას უკანასკნელ გზაზე!" - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი კინორეჟისორ ნანა მჭედლიძის დაკრძალვას:



"ეს-ესაა, ხონის მიწას მიაბარეს დიდი ქართველი ხელოვანი, საქართველოს სახალხო არტისტი, "პირველი მერცხლისა" და "იმერული ესკიზების" დამდგმელი რეჟისორი ნანა მჭედლიძე.

სიკვდილშიაც როგორი გენიალური აღმოჩნდა, როგორი მოკრძალებული და უპრეტენზიო! იწვა ხონის წმინდა გიორგის ტაძრის შუაგულში ეს პატარა დიდი ქალი და არც ჭირისუფალთა, არც გვირგვინთა სიმრავლით მოუჭრია თვალი ვინმესთვის, არც პატივგების განსაკუთრებული ფორმით.

მის დაკრძალვაზე რომ ხალხი იყო (ძირითადად - ხონის ინტელიგენცია, ხელმძღვანელობა, ახალგაზრდობა, თითო-ორორა სტუმარი), ზოგჯერ იმაზე გაცილებით მეტიც კი მინახავს რომელიმე პატარა სოფელში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალზე. ეს არ ჰგავდა მრავალმხრივ დამსახურებული ადამიანის გაცილებას უკანასკნელ გზაზე!

გაოცებული ვარ - არც ერთი "კინოვარსკვლავი", კულტურის სფეროს არც ერთი ცნობილი სახე არ გამოჩენილა, - პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტარებს, მინისტრებს რომ თავი დავანებოთ!

რესპუბლიკური არხებისათვის მომუშავე ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის მეტი ვერავინ მოძებნეს, რომ ჩაეწერათ, მხოლოდ ეს ადამიანი იყო ყველაზე ცნობილი სახე დღეს. და კიდევ - იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

ნანა მჭედლიძე რომ ჭეშმარიტად სახალხო მოღვაწე იყო, დღესაც გამოჩნდა. ხალხი გამოეთხოვა უდიდესი გულწრფელობით, ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, ხალხი იხსენებდა დღეს მისი ფილმებიდან ეპიზოდებს...

და სად იყავი დღეს, ქართულო კინო?

სად იყავით, ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულო მსახიობებო?

სად იყავით, რეჟისორის კოლეგებო?" - წერს ნანული ცხვედიანი.

დღეს, ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე, ანდერძის თანახმად, მშობლიურ ქალაქ ხონში დაკრძალეს.

ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.

ნანა მჭედლიძემ გადაიღო ქართული ფილმები: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" და სხვა.
Print