ახალი ამბები
ქუთაისის მერი 2015 წელს წინა წლებთან შედარებით საუკეთესოდ აფასებს
FaceBook
"ამაზე რიცხვები მეტყველებენ", - განმარტა ქუთაისის მერმა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის ჩაბარების დროს.


ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 2015 წელს, შესრულებული სამუშეოების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო წელი უწოდა.

"2015 წელი ერთ-ერთი კარგი წელი იყო, ამაზე რიცხვები მეტყველებენ", - განმარტა ქუთაისის მერმა გასული ბიუჯეტის ანგარიშის ჩაბარების დროს საკრებულოს სხდომაზე.

მისი განმარტებით, გასულ წელს დასრულდა გელათის, სოლომონ პირველისა და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია. ასევე, მურღულიას მკიცებით, 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას.

2015 წლის ბიუჯეტი 47 550 400 ლარით დამტკიცდა. თუმცა, გასული წლის განმავლობაში განხორციელებული 8 საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, მისი მოცულობა 72 352 200 ლარამდე გაიზარდა.

ბიუჯეტის მოცულობის გაზრდის მიუხედავად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 7 178 800 ლარის ათვისება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, გასულ წელს ქალაქის საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციული ხარჯები 8 527 800 ლარით აითვისეს.

ასევე, 2015 წელს შესრულდა 27 592 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, ხოლო 3 827 000 ლარით დაფინანსდა სოციალური პროგრამები.

ქუთაისის მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 50 597 500 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლისთვის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები რჩება. წლევანდელ ბიუჯეტის პროექტში, ასევე, რამდენიმე ახალი პროგრამა გაჩნდა.

Print