ახალი ამბები
"ტორპედოს" ადმინისტრაციას, შესაძლოა, ქუთაისის საკრებულოსთვის განმარტებების გაკეთება მოუწიოს
FaceBook
კლუბი  2014 წლიდან ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ადმინისტრაციას საკრებულოს ოპოზიცია თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საკრებულოს ფრაქცია "ნაცონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება ამბობს, რომ კლუბის ადმინისტრაციამ თანხის განკარგვასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხები უნდა გასცეს.

"კლუბის მართვაში კორუფციის ნიშნები იკვეთება. არსებული ინფორმაციით გაიზარდა ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასი და თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, ადმინისტრაციამ გარკვეულ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხები",- აცხადებს უკლება.

კლუბში სახელფასო ანაზღაურების მატებაზე საუბრობს საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. ამირან ძოწენიძის ინფორმაციით ხელფასი გაეზარდა კლუბის ექიმს, ბუღალტერს, ფინანსურ მენეჯერს და რამდენიმე ფეხბურთელს.

დეპუტატების ინიციატივას, კლუბის ადმინისტრაციის საკრებულოში მოწვევასთან დაკავშირებით დაეთანხმა ქალაქის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, იგი მზადაა პრობლემების არსებობის შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედოს.
"თუ აღმოჩნდა, რომ ერთი თეთრი მაინც იხარჯება არასწორად, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული",-განაცხადა მურღულიამ.

საფეხბურთო კლუბი ტორპედო 2014 წლიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქალაქის ხელისუფლებამ კლუბზე ფინანსური პასუხისმგებლობა მას შემდეგ აიღო, რაც კომპანია "ვისოლმა" 2013 წლის ბოლოს კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა. "ვისოლმა" ხელშეკრულების გაწყვეტის პირგასამტეხლოს სახით მაშინ 500 000 დოლარი გადაიხადა.

Print