ახალი ამბები
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
FaceBook
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მუშა დაიღუპა.
გარდაცვლილი დავით კენჭოშვილია. მაღაროს ყოფილი თანამშრომლის, ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, ის ცვლის უფროსი იყო.

„ქვა დაეცა თავში“, — უყვება „ქუთაისიპოსტს“ ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროს ყოფილი თანამშრომელი მომხდარს მაღაროში უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემებზე ადრეც საუბრობდნენ.

„რასაც ჩვენ ვიძახოდით, შუქრუთის დირექტორი საზოგადოებისთვის საშიშია, საშიშია. აგერ უკვე ორი ადამიანი დაიღუპა — ერთი გაზაფხულზე გარდაიცვალა, ვითომ გულით, ახლა კი მეორე. ეს ის ადამიანია, რომელმაც შარშან ოთხი ბიჭი დააკავებინა და ციხეში ჩასვა“, — უთხრა „ქუთაისიპოსტს“ ტარიელ მიქაცაძემ.

მისი თქმით, მაღაროში უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობის დაყენება აუცილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

მომხდარის სხვა გარემოებები და გამოძიების შედეგები ამ ეტაპზე უცნობია.
Print